ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი საკვები დანამატების მიმართაც. ფიტნეს ინსტრუქტორების, მოვარჯიშეებისა თუ სპორტსმენების სოციალური მედიის გვერდებზეც ხშირად შეხვდებით პოსტებს მათ შესახებ, რადგან ცხოვრების აქტიური წესის მქონე ადამიანების რაციონში საკვები დანამატები დღეს მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მათი მოხმარების გავრცელებას ხელს უწყობს ბაზარზე არსებული პროდუქტების მრავალფეროვნებაც, ჩნდება ახალ-ახალი ბრენდები, რომლებიც არნახულ შედეგებს გვპირდება.
რეალურად რა არის საკვები დანამატი? რა შეესაბამება სიმართლეს და რა ემსახურება მხოლოდ მარკეტინგულ მიზნებს? რომელი საკვები დანამატია მართლა უსაფრთხო და სასარგებლო? როდის და როგორ უნდა მივიღოთ ისინი? – myreform.ge შეეცდება ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
რა არის საკვები დანამატი?
საკვები დანამატები მრავალფეროვან პროდუქტებს მოიცავს, ამ ბლოგში კი ყურადღებას სპორტულ საკვებ დანამატებზე გავამახვილებთ. ისინი წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის ცილების, ამინომჟავების, ვიტამინების, მინერალებისა და სხვა აქტიური კომპონენტების კონცენტრირებულ წყაროს, რომელიც შექმნილია სპორტული შედეგების, აღდგენის პროცესისა და საერთო ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მნიშვნელოვანია, რომ საკვები დანამატი არ აგვერიოს მედიკამენტში. მედიკამენტი გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, ხოლო დანამატის მიზანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერა და საჭირო ნივთიერებების დეფიციტის შევსება.
ძირითადი საკვები დანამატები და მათი ფუნქცია
სპორტული საკვები დანამატები განკუთვნილია აქტიური მოვარჯიშეებისა და სპორტსმენებისთვის, მათთვის, ვინც ორიენტირებულია ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე, კუნთოვანი მასისა და გამძლეობის ზრდაზე. ამ შემთხვევაში ასეთი პროდუქტების მოხმარება სრულიად გამართლებულია, რადგან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა ნივთიერების საჭიროება.
ცილა საჭიროა კუნთების აღდგენისთვის და გასაზრდელად
პროტეინი ანუ ცილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული დანამატია, რადგან ის აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზრდისთვის.
ვარჯიშის დროს კუნთში მიკროდაზიანებები ჩნდება. ამ დაზიანებების აღდგენის შემდეგ კი ის კიდე უფრო ძლიერი და მოცულობითი ხდება, თუმცა ამისათვის აუცილებელია საშენი მასალა ანუ ცილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმს არ ექნება საკმარისი რესურსი კუნთოვანი ქსოვილის სრულფასოვნად აღსადგენად, რამაც შესაძლოა შეაფერხოს პროგრესი და გაზარდოს აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ცილის მთავარი წყარო ისეთი საკვები პროდუქტები უნდა იყოს, როგორებიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ლობიო, ოსპი და სხვა. ამ დროს ორგანიზმს, პროტეინთან ერთად, სხვა საჭირო მაკრო და მიკრო ნივთიერებებსაც ვაწვდით. მაგრამ განსაკუთრებულად აქტიური ადამიანები ცილის დღიური ნორმის სრულად შევსებას მხოლოდ კვებით მაინც ვერ ახერხებენ, ამიტომ მიმართავენ პროტეინს საკვები დანამატის სახით.
ყველაზე პოპულარული შრატის ცილა, იგივე whey protein-ია, რომელიც სწრაფად შეიწოვება. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია ვარჯიშის დასრულებისთანავე, კუნთებისთვის საშენი მასალის დროულად მისაწოდებლად. ასევე ფართოდაა გავრცელებული კაზეინი, თუმცა მის ასათვისებლად ორგანიზმს უფრო მეტი დრო სჭირდება. ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია მცენარეული ცილების ფართო არჩევანი.
კრეატინი ხელს უწყობს ძალისა და ენერგიის ზრდას
კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და ეფექტიანი დანამატია. მისი მთავარი ფუნქციაა კუნთებში ფოსფოკრეატინის მარაგის გაზრდა, რაც ორგანიზმს ინტენსიური დატვირთვის დროს ენერგიის სწრაფად გამომუშავებაში ეხმარება. შედეგად, მოვარჯიშე ახერხებს უფრო დიდი ძალის განვითარებას, მეტი გამეორების შესრულებას და, საბოლოოდ, უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად ვარჯიშს. კრეატინის მოხმარება განსაკუთრებით მიზანშეწონილია ძალისმიერ სპორტში, აქტიურ ფიტნესში, ბოდიბილდინგსა და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების დროს.
კრეატინის სარგებელი მხოლოდ ენერგიის ზრდით არ შემოიფარგლება. კვლევების მიხედვით, ის ხელს უწყობს ვარჯიშის შემდეგ სწრაფ აღდგენას, კუნთოვანი ქსოვილის დაცვასა და შენარჩუნებას, განსაკუთრებით კალორიული დეფიციტის დროს. კრეატინი ასევე დადებით გავლენას ახდენს კუნთოვანი უჯრედების ჰიდრატაციაზე, მონაწილეობს ტვინის ენერგეტიკულ პროცესებში, რითაც მან შესაძლოა ხელი შეუწყოს კონცენტრაციის, მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებას.
ამინომჟავები – უკეთესი აღდგენისთვის
ამინომჟავები ცილების შემადგენელი კომპონენტებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენის, ენერგიის გამომუშავებისა და ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირების პროცესში.
ამ ტიპის სპორტულ დანამატებს შორის ყველაზე პოპულარულია BCAA და EAA. BCAA (Branched-Chain Amino Acids) მოიცავს განშტოებული ჯაჭვის სამ ამინომჟავას – ლეიცინს, იზოლეიცინსა და ვალინს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის. EAA (Essential Amino Acids) კი შეიცავს ყველა ისეთ აუცილებელ ამინომჟავას, რომელსაც ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს.
გეინერი კარგია წონისა და მასის მატებისთვის
გეინერი მაღალკალორიული სპორტული დანამატია, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებსა და ცილებს შეიცავს. მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმისთვის დამატებითი კალორიების მიწოდებაა.
გეინერს მოიხმარენ ის ადამიანები, რომლებსაც წონის მომატება ან საკვებიდან საკმარისი კალორიების მიღება უჭირთ. ის, ასევე, პოპულარულია მათ შორის, ვისაც კუნთოვანი მასის უფრო სწრაფად ზრდა სურს, რადგან გეინერი მოვარჯიშეს აწვდის როგორც ენერგიის წყაროს უფრო ინტენსიური ვარჯიშისთვის, ისე ცილებს კუნთების შემდგომი აღდგენისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი გეინერების დიდი ნაწილი ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ უმჯობესია შეძლებისდაგვარად, გეინერის ნაცვლად, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მიიღოთ.
პრე-ვორკაუთი – ვარჯიშამდე ენერგიის მისაღებად
პრე-ვორკაუთი არის დანამატი, რომელსაც ვარჯიშამდე იღებენ ენერგიის, კონცენტრაციისა და გამძლეობის გასაუმჯობესებლად. ის ხშირად შეიცავს კოფეინს, ბეტა-ალანინს, ციტრულინს და სხვა აქტიურ კომპონენტებს.
პრე-ვორკაუთის მოხმარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარე არიან კოფეინის მიმართ, აქვთ მაღალი წნევა ან ძილის პრობლემები. ასევე, მისი მიღება არ არის სასურველი საღამოს, რათა არ დაირღვეს ძილის რეჟიმი.
ომეგა-3 დაგჭირდებათ აღდგენისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება სასურველია არამხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინისა და სახსრების ჯანმრთელობას. მათი ყველაზე მდიდარი წყაროებია ცხიმიანი თევზი, როგორებიცაა ორაგული, სკუმბრია, სარდინი და ქაშაყი. ასევე, სელისა და ჩიას თესლი, ნიგოზი, სოიოს პროდუქტები და სხვა. ცხადია, ომეგა-3-ის მიღება ბუნებრივი საკვებიდან ჯობს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მისი ნორმის შევსებას საკვებით იშვიათად ახერხებს.
ომეგა-3 სპორტსმენებს ეხმარება არამხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ ანთებითი პროცესების შემცირებასა და ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში.
ვიტამინები და მინერალები – ორგანიზმის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის
რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ორგანიზმი, მით უფრო იზრდება მისი მოთხოვნა ზოგიერთ ვიტამინსა თუ მინერალზე. მაგნიუმი, თუთია, D ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები და ელექტროლიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ პროცესებში, როგორებიცაა ენერგიის გამომუშავება, კუნთების მუშაობა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება. მაგალითად, მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, თუთია მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, ხოლო D ვიტამინი – ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ სპორტსმენები მათ მისაღებად დამატებით წყაროებს ხშირად მიმართავენ.
ელექტროლიტები – ჰიდრატაციისა და გამძლეობისთვის
ელექტროლიტები, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, აუცილებელია სითხის ბალანსის, კუნთების შეკუმშვისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის. ისინი ორგანიზმს ჰიდრატაციის შენარჩუნებაში ეხმარება და დაღლილობისა და კუნთების სპაზმის რისკს ამცირებს.
ვარჯიშის დროს ოფლთან ერთად ორგანიზმი ელექტროლიტებსაც კარგავს. მათი შევსება კი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან მაღალი ტემპერატურის დროს ვარჯიშისას, სირბილის ან ველოსპორტის დროს.
როდის ხდება საკვები დანამატი საზიანო?
ხარისხიანი საკვები დანამატის ზომიერად და სწორად მოხმარება ჩვენს ჯანმრთელობას არ აზიანებს. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მათ მიღებას არამიზნობრივად, გადაჭარბებული დოზებით ან ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე ვიწყებთ.
მაგალითად, პრე-ვორკაუთების ჭარბმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის გახშირება, შფოთვა, არტერიული წნევის მატება და ძილის დარღვევა. გარკვეული რისკები უკავშირდება ვიტამინებისა და მინერალების გადაჭარბებულ მიღებასაც. მაგალითად, ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E და K) შესაძლოა ორგანიზმმა ბოლომდე ვერ აითვისოს და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს. ასევე მათ, ვინც სხვადასხვა მედიკამენტს იღებს, რადგან ზოგიერთი დანამატი შესაძლოა პრეპარატთან ურთიერთქმედებაში შევიდეს და არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მისი მოხმარების დაწყებამდე, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ ტრენერთან, კვების სპეციალისტთან ან/და ექიმთან.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც გვახსოვდეს, რომ საკვები დანამატები არ წარმოადგენს ჯანსაღი კვების ალტერნატივას. მათი მოხმარებით ვერ მივიღებთ იმ სარგებელს, რომელსაც დაბალანსებულ კვება, ადეკვატური ფიზიკური აქტივობა და მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი გვაძლევს.
დაიცავით სიფრთხილის ნორმები და ზომიერება. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი საკვები დანამატებისგან და უსაფრთხოდ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.