„ორშაბათიდან ვიწყებ“ – ეს არის ფრაზა, რომელიც სხვებისგანაც ბევრჯერ გაგვიგია და, დიდი ალბათობით, თავადაც არაერთხელ გვითქვამს. მას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ – განსაკუთრებით ჯანსაღი კვების, წონის კლებისა თუ ვარჯიშის დაწყების წინ. ახალი კვირა ახალი დასაწყისის, რაღაცის სუფთა ფურცლიდან დაწყების ილუზიას ქმნის.
სინამდვილეში, „სუფთა ფურცლის“ განცდა ერთდროულად მოტივაციის წყაროცაა და პოტენციური ხაფანგიც. ერთი მხრივ, ის შეიძლება მართლაც იქცეს იმ საწყის იმპულსად, რომელიც ცვლილების დაწყებას ამარტივებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს. თუმცა, მეორე მხრივ, როცა ცვლილებას მხოლოდ სიმბოლურ „ახალ დასაწყისს“ ვანდობთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს მოლოდინი, რომ დრო თავად შეცვლის ქცევას. მხედველობიდან გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ დღეს, ხვალ თუ ორშაბათს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მაინც მოგვიწევს. ასეთ დროს „სუფთა ფურცელი“ იმედის მომცემ, მაგრამ რაღაცის მუდმივად გადადების მექანიზმად შეიძლება იქცევა.
იდეალური მომენტის მოლოდინი – მთავარი ხაფანგი
ბევრი ადამიანი ცვლილებებს არა მხოლოდ ორშაბათამდე, არამედ „იდეალურ მომენტამდე“ დებს. „ახლა ძალიან დატვირთული ვარ“, „ჯერ უნდა დავისვენო“, „შემდეგ თვეში დავიწყებ“ – ეს ფრაზები ხშირად რეალურ მიზეზებს კი არ გამოხატავენ, არამედ შიდა წინააღმდეგობის მაჩვენებელი არიან. იდეალური დრო იშვიათად დგება, რადგან ცხოვრება ჩვენგან დამოუკიდებლად მიედინება – შესაძლოა მოულოდნელად გამოგვიჩნდეს ახალი საქმეები, გაგვიფუჭდეს გუნება-განწყობილება, დაეცეს ჩვენი ენერგიის დონე და ა.შ. საბოლოოდ, რაიმეს დასაწყებად შესაძლოა „უკეთესი პირობები“ პრაქტიკულად არასდროს დადგეს.
მითი მოტივაციაზე – რატომ არ გვჭირდება ის ყოველთვის
ხშირად გვგონია, რომ ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ძლიერი მოტივაციის გარეშე ვერ შევძლებთ. ამიტომ ველოდებით, როდის ვიგრძნობთ განსაკუთრებულ სურვილს, ენთუზიაზმს ან შთაგონებას, რათა რაიმე დავიწყოთ. თუმცა მოტივაცია არამდგრადია – ის დამოკიდებულია განწყობაზე, ენერგიის დონეზე და სხვადასხვა გარემოებაზე. მეტიც, დღის განმავლობაში ის შეძლება რამდენჯერმე გაგვიჩნდეს და გაგვიქრეს. შესაბამისად, თუ ჩვენს ქმედებებს მხოლოდ მოტივაციაზე დავაფუძნებთ, პროცესი არასტაბილური გახდება და ის ფრაგმენტულ ხასიათს შეიძენს. მიზნის მიღწევას კი თანმიმდევრულობა სჭირდება.
პერფექციონიზმი – ფარული საბოტაჟი
„თუ ვიწყებ, იდეალურად უნდა გავაკეთო“ – ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, ამგვარი მიდგომა რამდენად გვაფერხებს ჩვენს სავალ გზაზე. პერფექციონისტური დამოკიდებულებით ერთი გამოტოვებული ვარჯიში, არაჯანსაღი საკვების ერთჯერადად მიღება ან გეგმიდან მცირე გადახვევა წარუმატებლობად აღიქმება. საკუთარი ქმედებების განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებით შეფასება, საბოლოოდ, პროცესის გაგრძელების მოტივაციას ამცირებს და ხშირად გვიბიძგებს საერთოდ შევწყვიტოთ დასახული მიზნისკენ სვლა.
როგორ დავიწყოთ ცვლილებების განხორციელება?
გადადგით პატარა ნაბიჯები
დიდი ცვლილებები იშვიათად იწყება დიდი ნაბიჯით. უფრო ხშირად ისინი ყოველდღიურად მიღებული პატარა გადაწყვეტილებების შედეგია. 10 წუთით ფეხით გასეირნება, ჯანსაღად საუზმობა, ადრე დაძინება ან უბრალოდ მეტი წყლის დალევა – ასეთი მცირე ქმედებები ქმნის კმაყოფილებისა და კონტროლის განცდას. ეს კი თავის მხრივ აძლიერებს მათი გაგრძელების სურვილს. სხვა სიტყვებით, მოქმედება მოტივაციას წარმოშობს, ხოლო მოტივაცია – მოქმედების გამეორებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ცვლილები იწყება იმ პატარა ნაბიჯით, რომელსაც მაშინაც ვდგამთ, როცა განსაკუთრებული სურვილი არ გვაქვს.
არაუშავს თუ გზიდან გადაუხვიეთ
რაც არ უნდა ორგანიზებულად მივუყვებოდეთ დასახულ მიზანს, ცხოვრებაში აუცილებლად შეიქმნება ისეთი გარემოება, რომელიც მცირედით გადაგვახვევინებს მთავარი გზიდან, შეგვაჩერებს ან ერთი ნაბიჯით უკან დაგვხევს. მთავარი მოქნილობაა, უნარი და ნებისყოფა იმისა, რომ გააგრძელო მიზნისკენ სვლა მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურად არ გამოდის.
შეცვალეთ თქვენი იდენტობა
აუცილებელია, ხშირად წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი იმ ადამიანად, როგორადაც გვინდა ვიქცეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს წარმოდგენას ყოველდღიური ქცევებითაც გავაძლიეროთ. როდესაც ადამიანი ამბობს „ვცდილობ ვივარჯიშო“, იგი ცვლილებას ჯერ კიდევ მცდელობის და გადაწყვეტილების დონეზე აღწერს. ხოლო ფრაზა „მე აქტიური ადამიანი ვარ“ უკვე განსხვავებულ თვითაღქმას ქმნის. დროთა განმავლობაში ვარჯიში, მოძრაობა თუ ჯანსაღად კვება აღარ აღიქმება როგორც რაღაც ისეთი, რასაც უნდა დავუბრუნდეთ ან თავიდან დავიწყოთ. ამგვარი დამოკიდებულებით მათ ჩვენი ყოველდღიურობის და ჩვენი იდენტობის ნაწილად ვაქცევთ.
👉კალორიების ცხრილი – რა უნდა იცოდეთ, თუ ჯანსაღი კვების დაწყებას გეგმავთ
შეცვალეთ გარემო
ცვლილებების დასაწყებად და მათ განსახორციელბელად ნებისყოფა დიდ როლს ასრულებს. თუმცა იმისათვის, რომ მას ხელოვნურად არ შევუქმნათ წინაღობები, სასურველია, შევქმნათ გარემო, რომელიც მიზნის განხორციელებას გაგვიმარტივებს. მაგალითად, გამოსაჩენ ადგილას დადეთ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოიმარაგეთ ჯანსაღი საკვები და, ზოგადად, თქვენი ყოველდღიური სივრცე გარდაქმენით ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გაგახსენდეთ ძველი მავნე ჩვევები. გახსოვდეთ, როცა გარემო ხელს გვიწყობს, ცვლილება ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.
რეალური ცვლილება იწყება დღეს
ცვლილებების განხორციელების გზაზე მნიშვნელობა არ აქვს ორშაბათს, ახალ თვეს თუ რომელიმე განსაკუთრებულ თარიღს – გადამწყვეტი ყოველთვის დღევანდელი დღეა. მთავარია, მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებისკენ თუნდაც ერთი მცირე, მარტივი ნაბიჯი გადავდგათ. თუკი ცდით და ამგვარი მიდგომით შეუდგებით თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნას, დაგვერწმუნეთ, პროცესი გაცილებით სასიამოვნო, საინტერესო და მარტივი გახდება.
გაეცანით ფიტნესკლუბ „რეფორმის“ ფილიალებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია და დაიწყეთ ჯანსაღად ცხოვრება ჩვენთან ერთად.